Monday, September 1, 2014

ედვარდ გრიგი (ნორვ. Edvard Hagerup Grieg; დ. 15 ივნისი1843 – გ. 4 სექტემბერი1907),
რომანტიული ეპოქის ნორვეგიელი პიანისტი და კომპოზიტორი, განთქმული საფორტეპიანო კონცერტით ლა მინორში და „პერ გიუინტით“ედვარდ გრიგი დაიბადა ნორვეგიის ქალაქ ბერგენში. გრიგი მუსიკალურ ოჯახში იზრდებოდა: დედამისი - ჯესინა ედვარდს 6 წლიდან ფორტეპიანოზე დაკვრას ასწავლიდა. 1858 წლის ზაფხულს მან გაიცნო თავის დროზე განთქმული მევიოლინე ოლე ბული. მევიოლინემ 15 წლის მუსიკოსის ნიჭი შეამჩნია და ურჩია მუსიკოსობა და ლაიპციგის უნივერსიტეტში მოაწყო. ბერგენი, სადაც გრიგი დაიბადა და ახალგაზრდობის წლები გაატარა, ცნობილი იყო ეროვნული მხატვრული ტრადიციებით; განსაკუთრებით თეატრის სფეროში: აქ დაიწყეს მოღვაწეობა ჰენრიკ იბსენმა და ბიორნსტიერნე ბიორნსონმა; ბერგენში დაიბადა და ხანგრძლივად ცხოვრობდა ულე ბული. სწორედ მან პირველმა მიაქცია ყურადღება ედვარდის უჩვეულო მუსიკალურ ნიჭს (ბიჭუნა თორმეტი წლიდან თხზავდა) და ურჩია მშობლებს ჩაერიცხათ იგი ლაიფციგის კონსერვატორიაში, რაც შესრულდა 1858 წელს. მცირე შესვენებით გრიგი ლაიფციგში დარჩა 1862 წლამდე.



პერ გიუნტი
—1867—

პოემის მოქმედება მოიცავს დროს XIX ს. 60-იანი წლების დასაწყისიდან და ხდება
ნორვეგიაში (გურდბანის ველზე და მიმდებარე მთებში), ხმელთაშუა ზღვის მაროკოს სანაპიროზე, საჰარის უდაბნოში, კაიროს საგიჟეში, ზღვაზე და ისევ ნორვეგიაში, გმირის სამშობლოში.
ახალგაზრდა სოფლელი ბიჭი პერ გიუნტი სულელობს და დედას, ოსეს ატყუებს. უყვება მოუსვენარ ირემზე ნადირობის ამბავს. დაჭრილი ირემი მასზე ამხედრებული პერით მთის მწვერვალზე აირბენს და სიმაღლიდან ხტება სარკესავით კრისტალურად სუფთა ტბაში და მიესწრაფვის საკუთარ ანარეკლს. ოსე სულგანაბული უსმენს. უცებ ვერ ხვდება: ეს ამბავი ხომ იცის — პერი მხოლოდ ოდნავ ასხვაფერებს ძველებურ გადმოცემას და თავის თავზე ირგებს მას. შვილის დახეულ ტანსაცმელს სხვა ახსნა აქვს — მჭედელ ასლაკთან იჩხუბა. მეზობელი ბიჭები ხშირად ეჩხუბებიან პერს: უყვარს ფანტაზიები, ოცნებებში საკუთარ თავს ზღაპრების ან ლეგენდების გმირად ხედავს — უფლისწულად ან მეფედ, ირგვლივ მყოფნი კი მის ისტორიებს ცარიელ ტრაბახად და სისულელედ თვლიან. და საერთო, პერი ძალიან ქედმაღალია! რა თქმა უნდა, ის ხომ კაპიტნის შვილია, თუნდაც გალოთებულისა, რომელმაც ქონება გაანიავა და ოჯახი მიატოვა! და კიდევ ერთი — პერი გოგონებს მოსწონთ. ამის გამო დედა ღელავს: რატომ არ მოჰყავს ცოლად ინგრიდი, მდიდარი გლეხის ქალიშვილი? მაშინ ხომ მიწაც ექნებოდათ და მამულიც! არადა, ინგრიდი აშკარად თვალს ვერ წყვეტდა პერს. საწყენია! სწორედ ამაღამ მისი ქორწილია, ინგრიდი მას მონს მიჰყვება ცოლად.
მას მონს? უნიათოს და ტეტიას? ეს არ მოხდება! პერი ქორწილში მიდის! უნდა გადაათქმევინოს და ოსე ემუქრება — შვილთან ერთად წავა და ყველას თვალწინ ასახელებს! ას, ასე?! პერი სიცილით და თამაშით დედას სხვისი სახლის სახურავზე შესვამს: აქ იჯდეს, სანამ არ ჩამოიყვანენ, თავად კი დღესასწაულზე შეივლის.
ქორწილში დაუპატიჟებელ სტუმარს ცუდად მიიღებენ. გოგონები საცეკვაოდ არ მიჰყვებიან. პერი უცებ გამოარჩევს მათ შორის სოლვეიგს, გადმოსახლებული სექტანტი გლეხის ქალიშვილს. ის ისეთი მშვენიერი, სუფთა და მოკრძალებულია, რომ მასაც კი, თავქარიან ბიჭს, ეშინია მიუახლოვდეს. პერი რამდენიმეჯერ მიიწვევს სოლვეიგს, მაგრამ მუდმივად უარს იღებს. ბოლოს და ბოლოს გოგონა გამოუტყდება: მას რცხვენია ნასვამთან სიარულის. გარდა ამისა, მას არ სურს მშობლებს გული ატკინოს: მათი რელიგიის მკაცრი წესები არავისთვის არ უშვებენ გამონაკლისს. პერი ნაწყენია. ბიჭები მომენტით ისარგებლებენ და დალევას შესთავაზებენ, რომ შემდეგ დასცინონ. პერს ამავე დროს აბრაზებს და აღიზიანებს მოუხერხებელი ნეფე, რომელმაც არ იცის, როგორ უნდა მოეპყრას დედოფალს... საკუთარი თავისთვისაც მოულოდნელად პერი იღლიაში ამოიჩრის დედოფალს და „ღორივით“, როგორც ერთ-ერთი სტუმარი იტყვის, გააქანებს მთებში.
პერის ვნებიანი გატაცება ხანმოკლეა, თითქმის იმავწამს გაუშვებს ინგრიდს, მას ძალიან ბევრი უკლია სოლვეიგამდე! გაცოფებული ინგრიდი მიდის, ხოლო პერს ჩაუსაფრდებიან. ტყის სიღრმეში იმალება, სადაც მიიღებენ მწყემსი გოგონები, რომლებიც მის გამო თავის მეგობარ ტროლებს უარყოფენ. აქ დილით პერი ხვდება მწვანე ლაბადიან ქალს, ტყეში მცხოვრები უწმინდური ძალების — ტროლების, კობოლდების, ჯადოქრებისა და კუდიანების მმართველი დოვრის მეფის ასულს. პერს იზიდავს ქალი, მაგრამ უფრო მეტად ნამდვილი უფლისწულობა იზიდავს, თუნდაც ეს ტყის სამეფო იყოს! დოვრის პაპის (ასე უწოდებენ ტყის კარისკაცები მეფეს) პირობები სასტიკია: ტროლები „ნიადაგის“ პრინციპებს აღიარებენ, არ ცნობენ ტყის მიღმა თავისუფალ გასვლას და მხოლოდ შინაური საჭმლით, ტანსაცმლით და ადათებით კმაყოფილდებიან. მეფის ასულს გააყოლებენ პერს, მაგრამ მანამდე კუდი უნდა გაიკეთოს და აქაური თაფლი (თხევადი ნაკელი) უნდა დალიოს. პერი დაიჭყანა, მაგრამ ორივე პირობას დათანხმდა. დოვრის პაპის კარზე გაუხეშებული და უსახურია, მაგრამ ეს, როგორც დოვრის პაპა განმარტავს, მხოლოდ ადამიანის ცხოვრებაზე შეხედულების დეფექტია. თუკი ოპერაციას გაუკეთებენ და თვალს დაუელმებენ, თეთრის ნაცვლად შავს დაინახავს, ხოლო უშნოს ნაცვლად ლამაზს, ანუ ჭეშმარიტი ტროლის მსოფლმხედველობას ეზიარება. მაგრამ ოპერაციას პერი, რომელიც ძალაუფლებისა და დიდებისთვის ყველაფერზე წამსვლელია, არ თანხმდება — ის იყო და რჩება ადამიანად! ტროლები თავს დაესხმიან მას, მაგრამ საეკლესიო ზარების ხმას გაიგონებენ და გაუშვებენ.
პერი გულწასულია სიცოცხლესა და სიკვდილს შორის. უხილავი მრუდე შეკრავს მას და მისი აღსასრულისთვის ფრთოსან დემონებს მოუხმობს. პერს ფეხი დაუცდება და წაიქცევა, მაგრამ ისევ ისმის საეკლესიო გალობა და ზარის ხმა. ძახილით: „სიკვდილი მე, ზურგსუკან ქალები ჰყავს!“ — მრუდე გაუშვებს პერს.
მას ტყეში დედა და სოლვეიგი პოულობენ. ოსე ატყობინებს შვილს: ინგრიდის მოტაცებისთვის იგი კანონგარეშეა გამოცხადებული და მხოლოდ ტყეში ცხოვრება შეუძლია. პერი ქოხს იშენებს. თოვლი მოვიდა და სახლი თითქმის მზადაა, როდესაც მასთან თხილამურებით მოქანდება სოლვეიგი: იგი მკაცრ, მაგრამ საყვარელ მშობლებს გამოექცა და გადაწყვიტა სამუდამოდ მასთან დარჩეს.
პერს თავისი ბედნიერების დაჯერება უჭირს. ქოხიდან ფიჩხისთვის გამოდის და ტყეში მეტად დაუშნოებულ ქალს ხედავს მწვანეში, რომელსაც მახინჯი ბავშვი უჭირავს და ეუბნება შენი შვილიაო — ბავშვი, სხვათა შორის, მამას მეტად მტრულად ხვდება („მამიკოს ნაჯახით ავკუწავ!“). ტროლი ქალი ითხოვს, რომ პერმა სოლვეიგი გააგდოს! ან იქნებ ერთ სახლში სამმა ერთად იცხოვროს?! პერი სასოწარკვეთილია, მას აწუხებს დანაშაულის მძიმე გრძნობა. ეშინია არ დასვაროს სოლვეიგი თავისი წარსულით და არ სურს მისი მოტყუება. ეს იმას ნიშნავს, რომ უარი უნდა თქვას მასზე! გამოეთხოვება და ქოხიდან ერთი წუთით, სინამდვილეში კი სამუდამოდ მიდის.
პერს სხვა არაფერი რჩება, ქვეყნიდან უნდა გაიქცეს, მაგრამ დედას არ ივიწყებს და ესტუმრება მას. ოსე ავადაა, მეზობელი ქალი ეხმარება; ოჯახის ქონება სასამართლო ბოქაულმა აღწერა. დედის უბედურებაში, რა თქმა უნდა, შვილია დამნაშავე, მაგრამ ოსე ამართლებს მას, ცუდი ბიჭი არ არის, უბრალოდ, ღვინომ დაღუპაო. დედაბერი გრძნობს, რომ დიდი ხნის სიცოცხლე არ დარჩენია — ფეხები ეყინება, კარს კატა ფხაჭნის (ცუდი ნიშანია!). პერი ლოგინზე ჯდება და ანუგეშებს დედას, სიმღერით უყვება ზღაპარს ორივენი მოწვეული არიან სურია მურიას გრძნეულ კოშკში. შავი ცხენი უკვე შეკაზმულია, ისინი თოვლიან ველზე მიდიან ტყეში. აი კარიბჭეც! მათ თავად წმინდა პეტრე ხვდებათ და ოსესთვის, როგორც ძვირფასი ქალბატონისთვის, მოაქვთ ყავა და ნამცხვარი. კარიბჭე უკანაა — ისინი ციხე-კოშკთან არიან. პეტრე აქებს დედას მისი მხიარული ხასიათის, მოთმინებისა და მზრუნველობის გამო, ადრე ამას ვერ აფასებდა, მაგრამ დაე სიკეთისთვის მიუზღოს სასახლის პატრონმა! პეტრემ გადახედა ოსეს და ხედავს, რომ ის გარდაცვლილა. პერი აღარ დაელოდა დაკრძალვას (კანონის მიხედვით, ტყის გარეთ ნებისმიერმა შეიძლება მოკლას) და მიემგზავრება „ზღვის მიღმა, რაც უფრო შორს, მით უკეთესი“.
გადის მრავალი წელი. პერ გიუნტი თითქმის ორმოცდაათისაა. მოვლილი და წარმატებულია, მაროკოს ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე სტუმრებს იღებს. იქვე ზღვაში დგას იახტა ამერიკული დროშით. პერის სტუმრები: საქმიანი ოსტატი კოტონი, ღრმააზრიან მრავალმნიშვნელოვანი ფონ ებერკოპფი, ბომონდური მუსიე ბალონი და სიტყვაძუნწი, მაგრამ ფიცხი ტრუმპეტერსტროლე (შვედი) — აქებენ მასპინძელს სტუმარმასპინძლობისა და სიუხვისათვის. როგორ შეძლო უბრალო ხალხიდან გამოსულმა კაცმა ასეთი ბრწყინვალე კარიერის გაკეთება! ფრთხილი გამოთქმებით, ისე რომ არ შეურაცხყოს სტუმრების ლიბერალურ- პროგრესისტული შეხედულებები, პერ გიუნტი მათ სიმართლეს ეუბნება: ჩინეთში საეკლესიო ანტიკვარიატით სპეკულირებდა და ამერიკის სამხრეთ შტატებში მონებით ვაჭრობდა. ახლა იახტით მიემართება საბერძნეთში და შეუძლია მეგობრებს საქმე შესთავაზოს. შესანიშნავია! ისინი სიამოვნებით დაეხმარებიან აჯანყებულ ბერძნებს თავისუფლებისთვის ბრძოლაში!
დიახაც, დიახაც, ადასტურებს გიუნტი, მას უნდა, აჯანყების ალი ავარდეს რაც შეიძლება უფრო მძლავრად. მით მეტი იქნება იარაღზე მოთხოვნა. იგი იარაღს თურქეთს მიჰყიდის, ხოლო მოგებას ერთად გაინაწილებენ. სტუმრები შეშფოთდებიან. რცხვენიათ და, ამავე დროს, მოგების ხელიდან გაშვება ენანებათ. ფონ ებერკოპფი იპოვის გამოსავალს — სტუმრები გიუნტს იახტას წაართმევენ და გასცურავენ. პერი არშემდგარ კომპანიონებს წყევლა-კრულვას და მუქარას გაატანს და — საოცრება! — იარაღით დატვირთული იახტა აფეთქდება! ღმერთი იფარავს პერ გიუნტს მომავალი გმირობებისთვის.
დილაა. გიუნტი მტაცებელ მხეცებს პალმაზე ემალება, მაგრამ აქ მაიმუნების საზოგადოებაში ხვდება. იმავწამს გაერკვევა და ეგუება მათ კანონებს. თავგადასავალი წარმატებით სრულდება. ხიდან ჩამოსული გმირი უდაბნოში მიდის და თავის წარმოსახვაში სახარის მორწყვის გრანდიოზულ პროექტს ახორციელებს. პერ გიუნტი უდაბნოს იდეალურ ქვეყნად — გიუნტიანად აქცევს მასში დაასახლებს ნორვეგიელებს და ხელს შეუწყობს, რომ მეცნიერება და ხელოვნება განავითარონ, რომლებიც აყვავდება ასეთი თბილი კლიმატის პირობებში. ერთადერთი, რაც არ ყოფნის, ცხენია. გასაოცარია, მაგრამ გიუნტი მას მაშინვე მიიღებს. ცხენს და ძვირფას ტანსაცმელს ქვიშის ბორცვს მიღმა მალავდნენ ქურდები, რომლებიც ჩაფრებმა შეაშინეს და გაიქცნენ.
აღმოსავლურ ტანსაცმელში გამოწყობილი გიუნტი გზას განაგრძობს და ერთ-ერთ ოაზისში არაბები მას მნიშვნელოვან პერსონად მიიღებენ — როგორც თავად გიუნტი თვლის, მას წინასწარმეტყველად შეიცნობენ. ახალგამოჩეკილი წინასწარმეტყველს სერიოზულად გაიტაცებს ადგილობრივი ჰურიას — ანიტრას მომხიბვლელობა, მაგრამ ქალი მოატყუებს მას — მისი სული კი არ სჭირდება (არადა, სწორედ სულს სთხოვდა), არამედ გიუნტის ძვირფასეულობა. წინასწარმეტყველის როლმაც არ გაუმართლა.
პერის შემდეგი გაჩერება ეგვიპტეშია. სფინქსის და მემნონის სტატუას რომ უყურებს, პერი თავს სახელგანთქმულ ისტორიკოსად და არქეოლოგად წარმოიდგენს. გონებაში აგებს მოგზაურობებისა და აღმოჩენების გრანდიოზულ გეგმებს, მაგრამ... სფინქსის სახე ვიღაცას აგონებს. ვის? დოვრის პაპას ხომ არა? ან გამოუცნობი მრუდესი?
თავის აღმოჩენებს ვინმე ბეგრიფენდელდს უზიარებს და ისიც, თანამოსაუბრით ფრიად დაინტერესებული, ჰპირდება, რომ თავის კაიროელ მეგობრებს გააცნობს. დახურულ დარაბებიან ფანჯრებიან სახლში ბეგრიფენფელდი უაღრესად საიდუმლოდ ატყობინებს: ზუსტად ერთი საათის წინ გარდაიცვალა აბსოლუტური გონება — ისინი საგიჟეში არიან. ბეგრიდენდელდი აქაური დირექტორია და აცნობს პერს ავადმყოფებს: გუტუს — ინდოელი მაიმუნების ძველი ენის აღორძინების ქომაგს; ფელახს, რომელიც თავს ძველი ეგვიპტელების წმინდა ხარად, აპისად მიიჩნევს და ჰუსეინს, რომელმაც თავი კალმად წარმოიდგინა, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა გაითალოს, რასაც თავად აკეთებს, როცა ყელს გამოიღადრავს ჯიბის დანით. მთელი ეს ფანტასტიკური სცენა კარგად ესმოდათ იბსენის თანამედროვეებს, მასში „ეგვიპტური“ მასალის გამოყენებით დაშიფრულია თავდასხმა ნაციონალური ნორვეგიული რომანტიზმის წინააღმდეგ: გუტუ, როგორც ვარაუდობენ, ეს ივარ ოსენია, ლენსმოლის, ხელოვნური ენის შემქმნელი, რომელიც შედგენილია გლეხური დიალექტების საფუძველზე (სხვათა შორის, მასზე ამჟამად კითხულობს და წერს ქვეყნის მოსახლეობის თითქმის ნახევარი), ფელახი ეს ნორვეგიელი ბონდია (ანუ გლეხი), ნორვეგიელი რომანტიკოსების „წმინდა ძროხა“ და იდეალი; ჰუსეინი — საგარეო საქმეთა მინისტრი მანდერსტრემი, რომელმაც 1864 წლის დანიურ-პრუსიული საომარი კონფლიქტის დროს უღალატა სკანდინავიზმის იდეალებს: შვეციისა და ნორვეგიის კონკრეტული ოქმედებები დანიის დასაცავად შეცვალა პროტესტის გაუთავებელი ნოტების წერით, რის გამოც იბსენმა მას საგაზეთო სტატიაში „ნიჭიერი კალამი“ უწოდა. სიგიჟის ატმოსფეროთი და მის თვალწინ განხორციელებული თვითმკვლელობით ჭკუადაკარგული პერი გონებას კარგავს და ყვითელი სახლის გიჟი დირექტორი მას ცხენივით მოახტება და თავს სულელის ჩალის გვირგვინით შეუმკობს.
კიდევ ბევრი წელი გაივლის. სრულიად გაჭაღარავებული პერ გიუნტი სამშობლოში ბრუნდება. მისი გემი ნორვეგიის ნაპირებთან იძირება, მაგრამ გიუნტი ზღვაში ჩაშვებულ ნავს მოეჭიდება და გადარჩება. ხომალდზე პერს დასდევდა უცნობი მგზავრი, რომელიც მას სხეულს სთხოვდა „მეცნიერული მიზნებით“ — პერი ხომ, მისი აზრით, მალე აუცილებლად მოკვდება. ეს მგზავრი ზღვაშიც ჩნდება და გადაბრუნებულ ნავს ჩაეჭიდება. კითხვაზე, სატანა ხომ არ არის, მგზავრი მიკიბულ-მოკიბულად კაზუისტიკური კითხვით უპასუხებს კითხვაზე და თავის მხრივ ამხელს პერს, როგორც სულით არც ისე მტკიცე ადამიანს.
პერი მშვიდობიანად მიაღწევს მშობლიურ მხარემდე. შემთხვევით აღმოჩნდება სასაფლაოზე, სადაც ესმის მღვდლის საქებარი სიტყვა ერთ-ერთი მოსახლის კუბოსთან — ამ კაცმა ომის დროს ნამგლით თითი მოითალა (პერი სიყმაწვილეში ამ სცენის მოწმე გახდა). ამ კაცმა მთელი ცხოვრებით და, განსაკუთრებით, დაუღალავი შრომით გამოისყიდა თავისი სულმოკლეობა და საზოგადოებისგან პატივისცემა დაიმსახურა. მღვდლის სიტყვებში პერს საყვედური ესმის — მას ხომ არც ოჯახი შეუქმნია, ანც სახლი აუშენებია. თავის ყოფილ სოფელში ინგრიდის დაკრძალვაზე პერი ძველ დაბერებულ და თითქმის მივიწყებულ ნაცნობს ხვდება. მასაც ვერ ცნობენ, თუმცა იგი ახსოვთ — ადგილობრივი პოლიცმაისტერი, მაგალითად, პერს რომ იხსენებს, მას პოეტს უწოდებს, რომელსაც საკუთარი გამოგონილი ზღაპრული რეალობისა სჯეროდა. სამაგიეროდ, ტყეში პერს იმავწამს იცნობს მეღილე, რომელიც დიდი ხანია მას დაეძებს. გიუნტის დრო დედამიწაზე დამთავრდა და მეღლე აპირებს ახლავე გადააქციოს მისი სული ღილად — ვერც სამოთხეში, ვერც ჯოჯოხეთში ვერ მოხვდება პერის სული, იგი მხოლოდ გადასადნობად თუ გამოდგება. მეღილე არამზადად არ მიიჩნევს პერს, მაგრამ კარგი კაციც ხომ არ ყოფილა? ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ პერ გიუნტმა ვერ შეასრულა დედამიწაზე თავისი დანიშნულება — თავის თავად (უნიკალურ და განუმეორებელ პიროვნებად) არ იქცა, მხოლოდ მოირგო რამდენიმე განსხვავებული გასაშუალოებულ-სტანდარტული როლი. ეს პერმაც მშვენივრად იცის, ცოტა ხნის წინ ხომ თავად შეადარა საკუთარი თავი ხახვს. ხახვსაც არ გააჩნია მყარი ბირთვი და მხოლოდ კანისაგან შედგება. პერი იყო და დარჩა ქარქვეტად.
პერ გიუნტი მართლაც შეშინებულია. რა შეიძლება იყოს სულის გადადნობაზე უფრო საშიში — თუკი იგი აბსოლუტურად ამორფულ უსახო ნაცრისფრად იქცევა? მეღილეს გადავადებას სთხოვს, დაუმტკიცებს, რომ მის ბუნებაში რაღაც მაინც იყო მთლიანი! მეღილე გაუშვებს პერს. ხვდება ძველი ძლიერების დამკარგველ დოვრის პაპას და ჩონჩხს (სატანას?), მაგრამ ეს შეხვედრები არაფერს აძლევს, გიუნტს კი ამჯერად სწორედ ეს — განსაზღვრული რამ სჭირდება. ტყეში ხეტიალისას ოდესღაც მის მიერ აგებულ ქოხს წააწყდება. ზღურბლთან ხვდება სოლვეიგი, დაბერებული, მაგრამ ბედნიერი, რომ ისევ დაინახა. მხოლოდ ახლა ხვდება პერ გიუნტი, რომ გადარჩა. განსხვავებული ნიღბებით მთელი თვისი ჭრელი ცხოვრების მანძილზე იგი თავს არ ღალატობდა, იგივე რჩებოდა იმ იმედით და რწმენით, რომ მას მუდმივად ელოდა ქალი, რომელსაც უყვარდა.
მეღილე უშვებს პერს გაფრთხილებით, რომ შემდეგ გზათგასაყარზე დაელოდება. კიდევ მოასწრებენ ერთმანეთთან საუბარს